თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხშირია სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევა და ამ მიმართულებით არანაირი სანქციები არ არსებობს. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ასევე უკანონოდ ხდება მიწების დატაცება.
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარება აუცილებელია, რისთვისაც ისინი საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებენ.
„მინდა შევეხო ერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს და ამ მიმართულებით სიტუაციის მოწესრიგება აუცილებლობას წარმოადგენს. თემა ეხება სასაფლაოებს, როგორც მუნიციპალურ სასაფლაოებს, ასევე კერძო მიმართულებით. ამ მიმართულებით სრული ქაოსი გვაქვს, რადგან ხშირად ხდება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა სასაფლაოების მოწყობა, მოვლა-პატრონობის წესების დარღვევა, არანაირი სანქციები არ არსებობს. ასევე, უკანონოდ ხდება მიწების დატაცება და შემდეგ საფლავებისთვის იყენებენ კონკრეტულ მიწის ნაკვეთებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. ასევე ხშირია საფლავზედა ნაგებობების უნებართვო მოწყობა, უკანონო კონსტრუქციების განთავსების შემთხვევები. ეს ყველაფერი რომ მოვაწესრიგოთ და მოვაგვაროთ, ამისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც ვამზადებთ და უახლოეს მომავალში ამ ყველაფრის ინიცირება პარლამენტში მოხდება, რომ ეს მიმართულებაც მოწესრიგდეს“,- განაცხადა კალაძემ.