სამგორის რაიონში წუწუნავას ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

881

სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში, წუწუნავას ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, ამჟამად, პროექტის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს – იგება ასფალტის მეორე ფენა. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, წუწუნავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა 40 წლის განმავლობაში არ მოწესრიგებულა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში კი, ასფალტის საფარი 2 400 კვ.მ ფართობზე დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.

სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ასრულებს. გამგეობის ბიუჯეტიდან კი 154 000 ლარი გამოიყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, სამგორის გამგეობამ წუწუნავას ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. მოეწყო სანიაღვრე და წყალარინების ქსელები.