ავტორი: ანი გუგეშაშვილი
“თელავი – სამაგიდო თამაშების ქალაქი” – ამ იდეის გარშემო თელავაში უკვე არაერთი ახალგარზდა გაერთიანდა. რამდენიმე ადამიანით დაწყებულმა თამაშებმა, რომელიც ყოფილ ავტოფარეხში ეწყობოდა, მცირე დროში ყოველთვიური ტურნირის სახე მიიღო, ერთმანეთისთვის უცხო, მაგრამ გვერდიგვერდ მცხოვრები თელაველები კი ერთმანეთს გააცნო და დააკავშირა. თამაშით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი კი იმდენად გაიზარდა, რომ ახლა ახალგაზრდები სამაგიდო თამაშების კლუბისთვის სხვა, ალტერნატიულ, გაცილებით დიდ ფართს ეძებენ.
საიდან და როგორ დაიწყო თელავში სამაგიდო თამაშების დაწყების იდეა, როგორ მონახა თანამოაზრეები და რამდენი ხანია, რაც ქალაქში ახალგაზრდებმა საუთარი განვითარებისთვის ახალი სივრცე შექმნეს, ამასთან დაკავშირებით Droa.ge უფრო ვრცლად იდეის ავტორს, გიორგი ბეჟანიშვილს ესაუბრა.
– დაახლოებით, 2 წლის წინ მეგობარმა მასთან სტუმრობისას მაჩვენა და ვითამაშეთ ერთ-ერთი სამაგიდო თამაში. შემდეგ წლები გავიდა და რაღაცნაირად გონებიდან ამომივარდა. გასულ ზაფხულს ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე ამერიკის კუთხე, სადაც სხვადასხვა თამაში აქვთ და სწორედ “კატანის” მინივერსიას მივაგენი; შემდეგ, ნოემბერში, “კატანს” ერთ-ერთ მაღაზიაში მოხვედრისას შემთხვევით გადავაწყდი და შევიძინე; ახლა ვიწერ ხოლმე ამაზონიდან, თუმცა, მისი ყიდვა თბილისშიც შესაძლებელია.
“კატანს” ახლა უკვე ხშირად ვთამაშობთ. ჩვენმა კლუბმა პირველი თამაში 2019 წლის 17 ნოემბერს ჩაატარა, თუმცა, თავიდან რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ 1 კვირის განმავლობაში ვერ ვიპოვნე თანამოაზრეები, რომ გვეთამაშა; ბოლოს რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ, წესები მეც კარგად არ ვიცოდი, ნაწილი ინტერნეტიდან ვისწავლე. ეს თამაში, ზოგადად, 4 ადამიანზეა და თავიდან ძალიან გვიჭირდა ხოლმე 4 ადამიანის პოვნა, ხშირად 3 ადამიანსაც გვითამაშია, თუმცა, თამაშით დაინტერესებული ადამიანები ყოველდღიურად გვემატებოდნენ, იყვნენ ისეთებიც, რომლებთან შეხვედრასაც წლები ვერ ვახერხებდი, მოკლედ, ერთ მეგობარს თავისი მეორე მეგობარი მოჰყავდა, მეორეს – მესამე და ასე, 2-3 თვის განმავლობაში, ნელ-ნელა შევიკრიბეთ 30-მდე ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დღეებში, ხან დღეგამოშვებით, ხან კვირაში ორჯერ-სამჯერ მოდიოდნენ ხოლმე. ფოტოგრაფი ვარ და მქონდა ავტოფარეხის სივრცე, რომელსაც ადრე ოფისად ვიყენებდი და საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ ეს სივრცე ახლა სათამაშო სივრცედ გადავაკეთეთ, დავდგით ორი მაგიდა და ორ სხვადასხვა მაგიდაზე ვთამაშობთ ხოლმე სამაგიდო თამაშებს.
– ხომ არ შეაფერხა პანდემიამ თელავში სამაგიდო თამაშების განვითარება?
– სახმწუხაროდ, პანდემიის გამო, 2 მარტს დავხურეთ სივრცე, სადაც სამაგიდო თამაშებს ვთამაშობდით და ჯერ არ გაგვიხსნია, თუმცა, სხვადასხვა ღია სივრცეში – პარკებში, ბაღებსა ეზოებში ვიკრიბებით ხოლმე და ვთამაშობთ, ასევე, ვატარებთ ტურნირებსაც.
– რა გამოარჩევს აღნიშნულ სამაგიდო თამაშებს სხვა სამაგიდო თამაშებისგან?
– პრინციპში, რასაც ჩვენ ვთამაშობთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სამაგიდო თამაში, იმიტომ, რომ ბევრი სხვადასხვა ასპექტი დევს. ზოგადად, სამაგიდო თამაშები შედგება თავისი მექანიზმებისგან და რაც უფრო სხვადასხვა და საინტერესო მექანიზმია ავტორის მიერ ჩადებული თამაშში, ის უფრო მიმზიდველია. მაგალითად, 6 ივლისს გვქონდა სამაგიდო თამაშებისა და ჩვენი კლუბის პრეზენტაცია და ვინც პირველად იყო მოსული, ჯერ თავიდან ეჭვის თვალით გვიყურებდა, თუმცა, რომ ითამაშეს და მორჩნენ, მერე კითხულობდნენ, ხვალ სად ვთამაშობთ, ხვალ ხომ უეჭველად ვითამაშებთო, იმდენად დიდი აზრტი აქვს. “კატანი” სხვა თამაშებისგან იმით გამოირჩევა, რომ წესები თავიდან რთულია, თუმცა, შემდგე გონებაში ძალიან მარტივად ჯდება და ის პლუსი აქვს, რომ თავად თამაშში არის ჩადებული ვაჭრობის მექანიზმი, რაც ადამიანებს ერთმანეთთან უფრო აახლოებს, პრინციპში, ამ კლუბმა და თამაშმა ძალიან ბევრი ადამიანი გააცნო და დაამეგობრა. თამაშში ასე მუნჯივით ვერ იჯდები ადამიანი, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, რესურსები უნდა გაცვალო და ამ გაცვლისთვის გჭირდება მოლაპარაკების ენის ცოდნა. მოკლედ, ეს თამაში, სხვა თამაშებისგან განსხვავებით, საკმაოდ ინტერაქტიულია.
– თქვით, რომ თამაშისადმი ახალგაზრდების ინტერესი საკმაოდ დიდია, მაგრამ საინტერესოა, გამოიჩინა თუ არა თამაშისადმი ინტერესი ადგილობრივმა ბიზნესმა, ან თუ იყო ადგილობრივი თვითმმართველობიდან დახმარების მზაობა, რომ თუნდაც თამაშისათვის გამოყოფილი სივრცით დაგეხმარონ? თქვენ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეთ პოსტი, სადაც წერდით, რომ კარგი იქნებოდა, თუ თელავის მერია უფრო მეტ დროს დაუთმობდა ამ ყველაფერს, შეიცვალა თუ არა რაიმე თქვენი პოსტის დაწერის შემდეგ, გამოთქვა თუ არა მერიამ დახმარების სურვილი ან მზაობა იმისა, რომ მოსულიყვნენ და ენახათ, რას აკეთებთ?
– მე მივხვდი რომელ პოსტზეც ამბობთ და 6 ივლისს ზუსად მაგ პოსტის მიხედვით გვქონდა პრეზენტაცია, რომელიც გაიმართა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თავად ამ ცენტრის მოწვევით და ინიციატივით და კითხვის პასუხადაც ეგ შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში ისევ NGO სექტორი და უფრო მედიაა ამ თემით დაინტერესებული, ვიდრე ადგილობრივი ბიზნესი, ან ადგილობრივი თვითმმართველობა. 6 ივლისს გამართულ პრეზენტაციაზე იმყოფებოდა თელავის მერიის წარმომადგენელი, რომელიც დაესწრო პრეზენტაციას და გვირჩია, თუ რა ფორმით შეგვიძლია ვითანამამშრომლოთ, ანუ ამ პოსტის შემდეგ მათი მხრიდან დაინტერესება ნამდვილად იგრძნობა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ბიზნესზე. მერვე თვე დაიწყო, რაც კლუბი არსებობს და მთლიანობაში, ამ კლუბის არსებობის განმავლობაში, მხოლოდ 2 ან 3 ძალიან მცირე ბიზნესი დაინტერესდა, ერთ-ერთი ადგილობრივი ბიზნესი სურნელოვან საპნებს, მეორე ბიზნესი კი მამაკაცის სამაჯურებს ამზადებს, მათ ჩემპიონატზე საკუთარი ნაწარმიდან პრიზები დააწესეს; ერთხელ კი ე.წ ველქამ ფართის საღამო, სადაც ახალ წევრებს ვიღებდით, დაასპონსორა ერთ-ერთმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ. სულ ეს იყო ბიზნესის მხრიდან გამოხმაურება და ზოგადად, თელავში ბიზნესი ახალგაზრდების იდეების დაფინანსების მხირვ და რაღაც განსხვავებულის მიმართ ძალიან ინეტრულია და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში უფრო აქტიურები გახდებიან.
– რა კომერციულ და კულტურულ პრესპექტივას ხედავთ თამაშების განვითარებით?
– ჩემი აზრით, ცოტა ფართო პრესპექტივით თუ შევხედავთ, საკმაოდ დიდი ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს. ამ კონკრეტული თამაშის გარდა, კიდევ 8 სხვა თამაში გავქვს, ამ თამაშებში ადამიანებს უწევთ ძალიან აქტიური მონაწილეობა და ვფიქრობ, გამოიწვევს კულტურულად ადამიანების ზრდას, ასევე, ხელს შეუწყობს სხვადასხვა საინტერესო ადამიანების დაახლოებასა და გაცნობას, რაც თელავს ძალიან უჭირს. ძალიან სიანტერესო ხალხი ცხოვრობს გარშემო, მაგრამ, იმის გამო, რომ სივრცე რომ არ გვაქვს, სადაც ერთმანეთს შევხვდებით, გავიცნობთ და დაველაპრაკებით, ერთმანეთს არ ვიცნობთ, იმიტომ რომ თელავში რაიმე ახალგაზრდული სივრცე არ არსებობს, კლუბებზე აღარ მაქვს საუბარი. თუ ახალგაზრდული სივრცე – ბარი ან კლუბი იქნება, სადაც მხოლოდ იმიტომ კი არ მოვლენ, რომ კარგად შეჭამონ ან დალიონ, არამედ იმიტომაც, რომ თან ითამაშონ და ერთმანეთი გაიცნონ, ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ სამაგიდო თამაშები საზოგადოების აქტიური ნაწილის გაცნობა/დაახლოებას შეუწყობს ხელს, რომლებიც შემდეგ უკვე თავისთავად ახალ პროექტებს განახორციელებენ.
გარდა ამისა, ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ გავხსნათ სამაგიდო თამაშების სკოლა, რომელსაც, ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ანალოგი არ ჰყავს და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის გვინდა გავაკეთოთ ამ თამაშების შემსწავლელი წრეები, სადაც ისინი შეისწავლიან თამაშებს და შემდეგ ჩაერთვებინ საბავშოვო ჩემპიონატებში. ჩვენი აზრით, საბოლოოდ, თელავს ძალიან კარგ თაობას გავუზრდით.
რაც შეეხება კომერციულ ინტერესს, მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ სამაგიდო თამაშის ბარი გავხსნათ კლუბის ბაზაზე და გვქონდეს სივრცე, სადაც ადამიანი, ჭამის გარდა, განტვირთვისთვის, სხვა ადამიანებთან თამაშისთვის, გაცნობისთვის და განვითარებისთვის მოვა.
– რა ეტაპზეა ამ დროისთვის თქვენი კომერციული გეგმები, თუ მხოლოდ იდეის დონეზეა?
– კლუბის გახსნის დღიდან ვატარებთ ყოველთვიურ ჩემპიონატს “კატანში” და ეს ჩემპიონატიც ერთადერთია საქართველოში, რის გამოც გვგონია, რომ მისდამი ინტერესი ძალიან მალე უნდა გაიზარდოს. უკვე არსებობენ ადამიანები, რომლებმაც გაიგეს ამის შესახებ და ჩემპიონატზე დასასწრებად ჩამოსვლას აპირებენ, რაც, ვფიქრობ, რომ ქალაქისთვის და სამომავლოდ უკვე ტურისტული პოტენციალის განვითრების კუთხით, იქნება ძალიან საინტრესო. რაც შეეხება იმას, ახლა რა გვაქვს ამ ეტაპზე: გვყავს, დაახლოებით, 30-კაციანი ჯგუფი, რომლებთან ერთადაც ვეძებთ ფართს, რომელსაც ვიქირავებთ და სადაც ერთ სივრცეში უკვე ოფიციალურად გავხსნით ბარსა და კლუბს. ამ ყველაფერს მხოლოდ მე არ ვაკეთებ. გვყავს სამაგიდო თამაშების კლუბის 5-კაციანი ბორდი, რომლებიც კვირაში ერთხელ ვიკრიბებით და ვფიქრობთ, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. ძალიან დიდი ინტერესია ახალგაზრდების მხრიდანაც და ელოდებიან, რომ ვიქირაოთ ახალი ფართი და მოვიდნენ, რათა გაწევრიანდნენ კლუბში.