საარჩევნო რეგისტრაციისთვის მომართვის ვადა პარტიების ნაწილისთვის დასრულდა

339

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) მომართვის ვადა 14 ივლისს ამოეწურათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციაში 68 პარტიამ წარმოადგინა, აქედან განხილვაშია 53, 14-მა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, ხოლო ერთს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიემართათ ცესკოსთვის.

ამასთან ცესკოს ცნობით, პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, საარჩევნო რეგისტრაციისთვის მიმართონ ცესკოს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 197).

პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად ხორციელდება.