პირები, რომლებიც პარკირების წესების დარღვევაზე „სიტი პარკის“ მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დაჯარიმდნენ, ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან

558

პირები, რომლებიც პარკირების წესების დარღვევაზე „სიტი პარკის“ მიერ დაჯარიმდნენ, ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან. პარლამენტმა მესამე მოსმენით „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.

კანონპროექტის მიზანია ერთჯერადი ხასიათის განსაკუთრებული ღონისძიების გატარება, რაც გულისხმობს იმ პირების ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლებას, რომელთაც დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმები 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ.

„უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით, არაერთი მიმდინარე საქმე არის აღსრულების ეროვნული ბიუროში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სასამართლოებში. შესაბამისად, ყველა ამ საქმეზე მოხდება განხილვების შეწყვეტა და მოხდება ადმინისტრაციული სახდელისაგან – ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რაც ჯამში დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს,“ – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.