თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
კერძოდ, ვერაზე, რჩეულიშვილის ქუჩა II ჩიხის №14-ში, რკინა-ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენი რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე. აღნიშნული პროექტი გრუნტის ჩამოშლის საფრთხეს მოხსნის, რომელსაც ახლომდებარე სახლების დაზიანებაც შეეძლო. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 103 390 ლარი არის გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „ბესკო“ ასრულებს.