ზესტაფონის მერიის შენობაში ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ ამოქმედდა

430

ზესტაფონის მერიის შენობაში, ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ ამოქმედდა. მერიის ცნობით, სრულიად განსხვავებული ღია სივრცის პრეზენტაცია სოფელ არგვეთაში შედგა, რომელსაც მეწარმე ქალბატონები ესწრებოდნენ.

“ახალი მუნიციპალური სერვისი – „ქალთა ოთახი“ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის, მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო – საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებ ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში; გაზარდოს და წაახალისოს ქალთა თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში (საკრებულოს, მუნიციპალიტეტის, სოფლის კრებებში მონაწილეობა).
„ქალთა ოთახი“ უზრუნველყოფს ადგილობრივი ვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის ზრდას”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე იფორმაციით, „ქალთა ოთახის“ საშუალებით მუნიციპალიტეტი საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით კი ქალებს და ბავშვებს) სთავაზობს როგორც საინფორმაციო – საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ასევე თავისუფალ სივრცეს დასვენებისა და სოციალური აქტივობისთვის.

„ქალთა ოთახის“ როგორც სერვისის, მომხმარებლები არიან: ადგილობრივი მოსახლეობა (ქალები, მამაკაცები, ახალგაზრდები, ბავშვები); მუნიციპალიტეტის თანამშრომლები; არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ. კერძო სექტორი.

“„ქალთა ოთახი“ განთავსებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე და მის ვიზიტორებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ: კომპიუტერით და ინტერნეტით; ბიბლიოთეკით; საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად; საკონსულტაცი სერვისით”, – ამბობენ მერიაში.

როგორც ზესტაფონის მერიაში განმარტავენ, ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ მიზნებია: დაეხმაროს მუნიციპალიტეტს და მის თანამშრომლებს (მაგ . სოფლის რწმუნებულებს) გენდერული თანასწორობის პრინცეპების გააზრებასა და შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციაში;  ხელი შეუწყოს ქალთა მონაწილეობას გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში; უზრუნველყოს მეტი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო და ადგილობრივ სერვისებზე და პროგრამებზე, რომლებსაც საგრძნობლად შეუძლიათ შეცვალონ მათი ცხოვრების და კეთილდღეობის დონე ( მაგ. მიაწოდონ ინფორმაცია, ჯანდაცვის პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის პროგრამებზე და ა.შ); გაზარდოს ქალების ( და ასწევე მამაკაცების) ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მათთვის უფასო ინტერნეტის და ბიბლიოთეკის შეთავაზებით. დაეხმაროს ქალებს მათი მოსაზრებების და პოზიციების ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიტანა – დაფიქსირებაში; წაახალისოს ქალთა ინიციატივები, რომელიც მიმართულია ადგილობრივი საჭიროებების მოგვარებაზე; მუნიციპალიტეტის დახმარებით განახორციელოს მცირე პროექტები, რომლებიც ქალთა გაძლიერებისკენ არის მიმართული ( მაგ. ენის შემსწავლელი კურსები, ახალგაზრდა დედების კურსები, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები და ა.შ)