„გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა” – ქვეშეთი-კობის გზის თემაზე პეტიცია ვრცელდება

951

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაას მოწინააღმდეგე ადგილობრივების ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან პეტიციას ავრცელებენ: „გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა”.

ისინი საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებს, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს.

საქართველოს მთავრობასთან ერთად, პეტიციის ადრესატები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის პროექტს აფინანსებენ.

“უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება”, — ნათქვამია პეტიციაში, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან. პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ:

  • დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მონაკვეთის ალტერნატივა;
  • პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები;
  • ხადის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდეს, რათა დაცული იყოს ხადის ბუნებრივ-კულტურული გარემო და ხელი შეეწყოს მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას.

ქვეშეთი–კობის მონაკვეთი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია. ამ გზის მშენებლობა დაყოფილია ორ მონაკვეთად. ხელშეკრულება ორივე მონაკვეთზე უკვე გაფორმებულია. ჯამში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კილომეტრი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის, ერთი 9-კილომეტრიანი გვირაბის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის წინააღმდეგ განცხადება რამდენიმე დღის წინ ა/ო “მწვანე ალტერნატივამაც” გაავრცელა. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, საზიანო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ხადას ხეობას საფრთხეს უქმნის.

ხადის ხეობას საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიიდან რუსეთისკენ მიმავალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მაგისტრალის ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რომლის აშენებაც სწორედ ამ ხეობის გავლით იგეგმება. პროექტი საქართველოს 558.6 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, საიდანაც 475 მილიონ აშშ დოლარს სახელმწიფო საერთაშორისო ბანკებიდან სესხულობს. პროექტი ითვალისწინებს პატარა, ისტორიული ძეგლებით მდიდარ ხეობაში 6 ხიდისა და 5 გვირაბის აგებას. მათ შორის, ერთი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე გაშენებულ, უნიკალური, ქვის მშრალი წყობით ნაშენები კოშკებით და საცხოვრებლებით მდიდარ ისტორიულ სოფელ წკერესთან იგეგმება,” – ნათქვამია განცხადებაში.