პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე დადგენილების პროექტი – „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, განიხილეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმოცდაათი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტი დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.
ერთ-ერთი ინიციატორის, ირინე ფრუიძის განცხადებით, ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს.
მისი თქმით, ამ პოტენციალის სრული რეალიზებისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას სათანადო პირობები, მყისიერად უპასუხოს მათ გამოწვევებს, გაატაროს თანმიმდევრული საჯარო და ინტეგრირებული ახალგაზრდული პოლიტიკა – ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად.
საქართველოს 14-დან 29 წლის მოზარდებისა და ახალგაზრდების ადამიანურ კაპიტალში სათანადო სახელმწიფო რესურსის ინვესტირებისთვის და საზოგადოების ამ ასაკობრივი ჯგუფის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ მომზადდა კონცეფციის დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის 5 სტრატეგიულ პრიორიტეტს და 2030 წლამდე 21 მოსალოდნელ შედეგს, რომელთა მიღწევაზე პასუხისმგებელია ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი“, რომელსაც მოჰყვა 2015-2020 წლებისთვის შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება.
მისივე თქმით, აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულებამ ხელი შეუწყო ახალგაზრდების გაძლიერებას და საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სისტემურ მიდგომას.
„მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ახალგაზრდების წინაშე კვლავ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, განათლებასა და დასაქმებას, რესურსებსა და შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას. ახალგაზრდული პოლიტიკის ტრანსვერსალური ხასიათიდან გამომდინარე გამოწვევას წარმოადგენს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის ეფექტიანი მართვის და პროცესებში სათანადო კოორდინაციის უზრუნველყოფა ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე“, – განაცხადა ირინე ფრუიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი, რომელიც მომზადდა ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე განსაზღვრავს მომდევნო წლებში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად ამოცანებს.
„საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 28 მარტს დამტკიცებული დოკუმენტისგან „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა“ განსხვავებით, პარლამენტის კონცეფციის დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ 2030 წლამდე შესასრულებელ კონკრეტულ ამოცანებს და მოსალოდნელ შედეგებს. კონცეფცია ითვალისწინებს 2030 წლამდე ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან, მთელი რიგი ამოცანების გადაჭრასა და შესაბამისი ქმედებების განხორციელებას. დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ კონცეფციის პრიორიტეტების შესაბამისად, 2021 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადება და დამტკიცება“, – განაცხადა ირინე ფრუიძემ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი განსაზღვრავს ახალგაზრდობის საკითხებში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებს და განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მმართველობა.
„რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ჩვენ მიერ დაარსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე განიხილა ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხები. მოხარული ვარ, რომ ამ ხედვებმა შეიძინა საკანონმდებლო ინიციატივის ფორმა და შინაარსი“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ეროვნული გამოცდების მეორე დღეა. მისივე ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე, დაახლოებით, 6500 მოსწავლე გადის.
„მხოლოდ ერთი ბარიერი აქვთ საგამოცდო ტესტით გადასალახი, სხვა მხრივ, ყველა ბარიერი მოხსნილია. ეს ერთი თვე მათთვის შეიძლება გადამწყვეტი იყოს, მაგრამ სამომავლოდ ყველაზე მნიშვნელოვანია,რამდენად ექნებათ პროფესიების დაუფლების შემდეგ ცხოვრებაში მათი გატარების შესაძლებლობა“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
კომიტეტებმა წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.