დავით ნარმანია: თბილისის განვითარების გენერალური გეგმით შემოთავაზებულია კომპაქტური ქალაქის იდეა

887

თბილისის განვითარების გენერალური გეგმით შემოთავაზებულია კომპაქტური ქალაქის იდეა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა.

ნარმანია ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას აცნობს.

“ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ, თუმცა აქამდე არ შევხვედრივართ ბიზნესმენებს, დეველოპერებს, რომლებსაც ასევე აქვთ შეხება ქალაქის განაშენიანებასთან და განვითარებასთან. ვაცნობთ მათ დეტალებს, გენერალური გეგმის ძირითად მიმართულებებს, რათა მოვისმინოთ მათი შენიშვნები, წინადადებები და ესეც ავსახოთ დოკუმენტში”, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ბიზნესმენების მიერ გამოთქმული ნებისმიერი შენიშვნა საინტერესო იქნება.

“ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ქალაქის ინტენსიური განაშენიანების უბნებში შევზღუდეთ ინტენსივობის სკალური კოეფიციენტის გაცემა, რითაც ამ ნაწილების არასწორი განვითარება შეჩერდა და მხოლოდ განაშენიანების გეგმებით ან სხვა ინსტრუმენტებით ხდება მისი განვითარება. სხვა ნაწილებს რაც შეეხება, სადაც ჯერ კიდევ არის სივრცეები, იქ სწორედ გენერალური გეგმა გვთავაზობს ამ ნაწილის სწორ განვითარებას და ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. გენერალური გეგმით შემოთავაზებულია კომპაქტური ქალაქის იდეა. იქ, სადაც არის მჭიდრო განაშენიანება, იქ დარჩება მჭიდრო განაშენიანებულ ნაწილად, მაგრამ იქ, სადაც შედარებით დაბალი განაშენიანებაა, იქ ასეთი ფორმით უნდა განვითარდეს ქალაქი და მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს სად სურს ცხოვრება. ცალკეა ასევე შემოთავაზებული რეკრეაციულო ზონები და ა.შ.” – აღნიშნა ნარმანიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი