გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი პერსონალი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთვება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის თურქეთიდან ჩამოყვანა სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად გახდა საჭირო.
“მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ გაჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. ქართულ და თურქულ მხარეებს შორის წარმოებული მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, საქართველოში მოქმედი ყველა აუცილებელი წესის დაცვით, დამატებითი რაოდენობის თანამშრომლების ჩამოყვანის თაობაზე. საქართველოში თურქეთის საელჩოსა და უწყებათაშორისი შტაბის ხელშეწყობით, პროექტის განმახორციელებელმა თურქულმა კომპანია POLATYOL-მა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წინასწარ მოამზადა უსაფრთხოებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა.
თურქეთიდან ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ, გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტების პერსონალი გადაიყვანეს სასტუმროში, სადაც ისინი 14 დღიან იზოლაციას გაივლიან. საკარანტინო სივრცეში მოთავსებამდე, ჩამოსულები შემოწმდნენ PCR ტესტით, სასტუმროში კი მათ არსებული სტანდარტის მიხედვით მუდმივ მეთვალყურეობას გაუწევს მედპერსონალი. 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლის შემდეგ, თურქული კომპანიის თანამშრომლებს კვლავ ჩაუტარდებათ PCR ტესტი და ექიმის დასკვნის საფუძველზე ისინი პროექტებზე მუშაობას შეძლებენ. საიზოლაციო პერიოდის და PCR ტესტირების ხარჯებს გაიღებს თურქული მხარე. ამ დროისთვის, გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებზე დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მოსახლეა. ქართული მხარე ასევე განიხილავს სხვა კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.