მიკროავტობუსების ყიდვაზე 29.8-მილიონიანი ტენდერი ხელახლა შეჩერდა

1344

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 300 ახალი მიკროავტობუსის შეძენის თაობაზე გამოცხადებული 29.8-მილიონიანი ტენდერი, რომელიც მეორედ გამოცხადდა, ხელახლა შეჩერდა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, შეწყვეტის მიზეზი მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირებაა, რაც “კონკურენტული გარემოს შექმნას” ემსახურება.

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 01 ივლისის სხდომის №17 ოქმის თანახმად შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ დაევალა М2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვის შეწყვეტა, კონკურენტული გარემოს შექმნის და შესასყიდი М2 კატეგორიის მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირების მიზნით,” – ნათქვამია М2 კატეგორიის ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული 29 მლნ-იანი ტენდერი აპრილის დასაწყისში შეჩერდა. მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა. ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, ახალი ტენდერით სატენდერო წინადადების მიღების დასრულება 3 აგვისტოს იგეგმებოდა.

აღსანიშნავია, რომ “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, დედაქალაქის მერია 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსის შეძენას 29 მილიონ ლარად აპირებდა.

სატენდერო პირობების მიხედვით, უნდა შეცვლილიყო თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითლის ნაცვლად, “მეტალიკი ლურჯი” უნდა გამხდარიყო. ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი მიკროავტობუსები არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.