გორის მე – 8 სკოლაში საპირფარეშოების მოსაწყობად 119 000 ლარზე მეტი დაიხარჯება

447

გორის მე-8 საჯარო სკოლაში სველი წერტილებისა და საპირფარეშოების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას 119 665 ლარი აქვს გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნული სკოლის შენობაში არსებულ საპირფარეშოებში გამოიცვლება ამორტიზირებული სანტექნიკური სისტემები. შენობის პირველ სართულზე კი მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინკლუზიური ერთი სველი წერტილი.

“არსებული მდგომარეობით N8 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს სამ სართულიან შენობაში, სადაც ერთ ცვლიან რეჟიმში სწავლობს 400 მოსწავლე. ქვემდებარე პროექტი ითვალისწინებს მასში არსებული შიდა საპირფარეშოების სათავსოებში ამორტიზებული სანტექნიკური სისტემებისა და მოპირკეთების შეკეთება-რეაბილიტაცის სამუშაოების შესრულებას, მოთხოვნილი ზოგადი წესების შესაბამისად. საპირფარეშოები განთავსებულია სკოლის შენობის პირველ და მეორე სართულებზე, რომელთა შეკეთების შემდეგ მოსწავლეები და პედაგოგები უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბამისი პირობებით”, – წერია საპროექტო დოკუმენტში.

საერთო ჯამში სკოლის შენობაში არსებულ სამ საპირფარეშოში განთავსდება 8 ხელსაბანი და 8 უნიტაზი.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.