ბუნებრივი იყო პოზიტიური გამოხმაურება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის პროცესი თავისი შედეგით, რაც დღეს დაიდო საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე აქამდე ყოფილა.
„ჩვენი პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან და მთავარი პასუხისმგებლობა აქ მოდის ხელისუფლებაზე, თუმცა, მხოლოდ ხელისუფლებაზე არა, ჩვენი ოპონენტი პარტიებიც უნდა იღებდნენ პასუხისმგებლობას, რომ მათ შეასრულონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ნორმა ზედმიწევნით. ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე აქამდე გვქონდა. რა თქმა უნდა, ყველა ნორმას შეიძლება მოუძებნო გარკვეული მხარე, რომელზეც შეიძლება თქვა, რომ ეს არის ხარვეზი, მე დეტალურად არ ვიცნობ, სამწუხაროდ, ამ განცხადებას. მაგალითად, შემიძლია, ვთქვა, მე თვითონ, რომ იყო ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში სიძულვილის ენასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რომელთან დაკავშირებითაც მედიის და არასამთავრობო სექტორის მხრიდან გამოითქვა სკეპტიციზმი, რომ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს სხვაგვარად, ამიტომ ამ ნაწილში გარკვეული ხარვეზი შეიძლება დარჩა შესრულებასთან დაკავშირებით. დანარჩენი ჩვენ ზედმიწევნით, პუნქტობრივად მივყევით ყველა რეკომენდაციას და დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 27-დან 24-25 აბსოლუტურად არის შესრულებული, აბსოლუტური სიზუსტით და იყო 2-3 რეკომენდაცია, რომელიც პრაქტიკულად შესრულდა, იყო გარკვეული დეტალები, სადაც „ენჯეო“ სექტორის, მედიის, მათ შორის, ოპოზიციის პოზიციაც გავითვალისწინეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.