პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარადგინა, მეორე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი დაუჭირა 94 დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდნენ – ალექსანდრე ერქვანია,ირმა ინაშვილი, გელა მიქაძე, ბიძინა გეგიძე.
ცვლილებების განხილვას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ.
ცვლილებები რამდენიმე სხვადასხვა კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, მაუწყებლის შესახებ კანონში, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში და სხვა.
პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. მათ შორის, დაკონკრეტდა, რომ საარჩევნო უბნიდან 25-მეტრის რადიუსში ამომრჩეველთან მიახლოება და მისი შეფერხება დასჯადი ქმედება არ იქნება მედიისა და ეგზიტპოლების ჩამტარებელი ორგანიზაციებისთვის.
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ეკა ბესელიას ალტერნატივას, რომელიც საარჩევნო კოდექსის გენდერული კვოტირების განსხვავებული სისტემით მიღებას სთავაზობდა. კერძოდ, საარჩევნო სიაში ნაცვლად ყოველი მეოთხისა, ყოველი მესამე უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის.
ცვლილებების მიხედვით, არჩევნებამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე, აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აიკრძალება საარჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება. ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც კი, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება. თუ პარტია მიიღებს ზუსტად 50 ათას ხმას, მისი წლიური დაფინანსება 750 ათას ლარს შეადგენს.
დამატებით ფინანსურ სარგებელს პოლიტიკურ სუბიექტებს გენდერული კვოტირების დაცვა მოუტანს. პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის თუ საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი არ ეყოლება.
რა ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში
მმართველი გუნდის დეპუტატის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ცვლილებების მიხედვით, იკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიაში იმ პირების დანიშვნა, რომლებიც წინა საერთო არჩევნებზე პარტიული ნიშნით იყვნენ წარმოდგენილი. რაც შეეხება კომისის ფორმირების წესს, კობახიძის განცხადებით:
“არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა და ასარჩევ წევრთა წარდგენა მოხდება საოლქო კომისიაში არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, რაც დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ მაქსიმალურაფ პროფესიული ნიშნით იყვნენ შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები”.
მედიაკამპანია და საეთერო დრო
ირაკლი კობახიძის განმარტებით, 2020 წელს სარეკლამო დროს 19 კვალიფიციურ სუბიექტს ექნება და ამას ვერ შეცვლიდნენ, მაგრამ ცვლილებები შევიდა მომდევნო არჩევნების სარეკლამო დროებში. კერძოდ, პარტიებსა და ბლოკებს საეთერო დრო განსხვავებული წესით დაეთმობათ.
“2020-ის შემდეგ უფასო საეთერო დროს მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც შესაბამისი ბარიერი გადალახეს, ანუ 1%-იანი ბარიერი პარტიებისთვის და დიფერენცირებული ბარიერი ბლოკებისთვის. რაც შეეხება პარტიებს ბლოკის შიგნით, ბლოკისთვის განკუთვნილი დრო თანაბრად გაიყოფა შემავალ პარტიებზე.
რაც შეეხება 2024 წლიდან ასამოქმედებელ რეგულაციას, მოგეხსენებათ ბლოკები აღარ არის და მოქმედებს 3%-იანი ბარიერი”, — განაცხადა მან.
აგიტაცია
ცვლილებების მიხედვით, სარეკლამო დროის მეშვეობით სხვა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ აგიტაცია აიკრძალება. მისი თქმით, ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური კულტურა, რომელიც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშია, საქართველოში კი წლებს განმავლობაში სხვაგვარი პრაქტიკა იყო.
მესამე მხარისგან რეკლამის ან ანტირელამის განთავსება, რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ, ჩაითვლება პოლიტიკურ შემოწირულობად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გაცხადებული ამ მხარეს საარჩევნო მიზნებზე. კობახიძის თქმით, აკრძალულ შემოწირულობად იქნება მიჩნეული დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული ნებისმიერი ჩარიცხვაც.
გენდერული კვოტები
საარჩევნო კოდექსი გენდერულ კვოტირებასაც ითვალისწინებს და პოლიტიკურ სუბიექტებს ავალდებლებს, პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მიუთითოს. კობახიძის განცხადებით, ეს წესი მომდევნო წლების არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.
“დღეს არის 21 ქალი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და მინიმუმ 30-მდე გაიზრდება ქალების რაოდენობა 2020-წლისთვის. მინიმუმ 37-მდე გაიზრდება 2024 წლის პარლამენტში. 2028 წლიდან უკვე ყოველი მესამე იქნება სიაში და 50-მდე გაიზრდება ქალების რაოდენობა”, — განაცხადა მან.
კობახიძის განმარტებით, თუ ქალი გამოაკლდება საარჩევნო სიას, ის ისევ ქალით უნდა ჩანაცვლდეს და თუ კაცი გამოაკლდება — კაცით.
გარდა ამისა, გენდერული კვოტირების დაცვის შემთხვევაში, პარტიები ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რასაც ქვევით დაფინანსების მოდელის განხილვისას გავიგებთ.
შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.