გახარია: ეს ისტორიულ-პოლიტიკური პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული, ღია და გამჭვირვალე არჩევნებით

308

პრემიერმინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს ისტორიულ პოლიტიკური პროცესი უწოდა, რომელიც მისი შეფასებით, იყო რთული, დინამიური და ემოციური.

„როგორც შედეგი დღეს ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და დღეს პროცესშია ეუთოს რეკომენდაციების საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი ამ პროცესს წარმატებით დაასრულებს.

რა თქმა უნდა, ესა არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გადავიდეს დემოკრატიზაციის და მისი ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე – რა თქმა უნდა, ეს მეტ სტაბილურობას და მდგრადობას შესძენს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პროცესის საბოლოო მიზანი და შედეგი უნდა იყოს ღია, დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა და რომელსაც ჩავატარებთ უმაღლეს დონეზე.

ყველას კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი იყო საკმაოდ ემოციური, რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ პოლარიზაციის ხარისხი იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ყველამ ერთად, საზოგადოებამ გადავლახეთ ეს წინააღმდეგობები, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იმის მიუხედავად, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და საბოლოოდ, ეს ისტორიულ-პოლიტიკური პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული, ღია გამჭვირვალე არჩევნებით.

ეს არ იქნება რომელიმე პარტიის, ან საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება და ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.