გორის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთზე რეაბილიტაციის დასრულების ვადად ამჯერად 2020 წლის ზაფხული დასახელდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული უცხოური კომპანია დარჩენილ სამუშაოებს ყოველდღიური ჯარიმის პარალელურად აგრძელებს.
დეპარტამენტსა და შპს ,,AGT Menegment Meslehet Tikinti Xidmetleri MMC”-ს (კონტრქატორი) შორის 2017 წლის 2 მაისს გაფორმებული SRAMP/CW/NCB-05 ხელშეკრულების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშოები 2017 წლის 22 მაისს დაიწყო და მისი დასრულების თარიღად 2018 წლის 22 მაისი განისაზღვრა. 6 155 842 ლარიანი პროექტიდან კომპანიას თანხის ნახევარი უკვე მიღებული აქვს. უწყების განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე 2 კმ-იანი მონაკვეთიღაა დარჩენილი, რომლის დასრულებაც აგვისტოს ბოლომდეა ნავარაუდევი.
“2019 წლის 31 ოქტომბრის შემდგომ სამუშაოების დაუსრულებლობა გამოიწვია კონტრაქტორის მხრიდან ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობამ. შესაბამისად, ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 39.3 პუნქტის საფუძველზე, კონტრაქტორს დაეკისრა პირგასამტეხლო მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 0.1% ყოველ გადაცილებულ დღეზე, რომლის მაქსიმალური ოდენობა ხელშეკრულების ამავე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია 10%-ით, რაც შეადგენს 615 584.20 ლარს. ამასთან, ვინაიდან 2019 წლის ოქტომბრის შემდგომ კონტრაქტორს არ წარმოუდგენია შუალედური გადახდის სერთიფიკატი, ვერ იქნა დაქვითული ზემოთ აღნიშნული თანხა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონტრაქტორს თანხა დაექვითება შუალედური გადახდის სერთიფიკატის წარმოდგენის შემდგომ”, -აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.