„თუ ეს კომპანია ორ კვირაში ვერ შეასრულებს სამუშაოს, გააგდეთ და გააშავეთ“, – ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს და გლდანის რაიონის გამგებელს მუხიანში მდებარე სკვერთან დაკავშირებით, სადაც თბილისის მერის თქმით, კომპანიამ ვალდებულებები არა შეასრულა.
„დღეს მინდა, ერთ არასახარბიელო ფაქტზე გავამახვილო ყურადღება. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის სრულ რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „მშენებელი 2019“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით, 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 127 549 ლარია გათვალისწინებული.
სკვერში გამგეობის მიერ სისტემატიურად ხორციელდება სამუშაოების მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც, გამოვლინდა, რომ კომპანიამ სამუშაოები ხარვეზით შეასრულა. ამასთან, ვერ მოახერხა, რეაბილიტაცია დაკისრებულ ვადაში დაესრულებინა. გამგეობამ პანდემიის გამო, კომპანიას ხელშეკრულების ვადა 30 კალენდარული დღით, 24 ივნისამდე გაუხანგრძლივა.
ვადის გაგრძელების მიუხედავად, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დამაკმაყოფილებლად არ მიმდინარეობდა. ამიტომ, კომპანიას გამგეობის მიერ ჯარიმა დაეკისრა და 25 ივნისს მიეცა გაფრთხილება, რომ 10 დღის ვადაში არსებული ხარვეზები გამოასწოროს და სამუშაოები დაასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამგეობა კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს და გლდანის რაიონის გამგებელს დაავალა, საქალაქო სამსახურთან ერთად დაიბარონ კომპანია დღესვე და სამუშაოების დასასრულებლად 2 კვირის ვადა მისცენ.
„მუხიანში, უნდა დასრულებულიყო სკვერის მშენებლობა, დაახლოებით, 1000 კვადრატულ მეტრზე. ყველა გარემოება მესმის, პანდემიაც მათ შორის, მაგრამ ამ რთულ ვითარებაშიც კი არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ გაგვიჩერებია. ეს კონკრეტული პროექტი დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მიგდებულია. არავინ აქცევს ყურადღებას, არ ვიცი თავად კომპანია რას ფიქრობს, მაგრამ ფაქტია, რომ იქ გავლა შეუძლებელია, წყალი დგება და სანაგვედ არის ქცეული იქაურობა… თუ ორ კვირაში პროექტი არ დასრულდება, შეგიძლიათ გააბრძანოთ. ეგეთი კომპანიები მუნიციპალიტეტის ტენდერებში ვერ უნდა იღებდნენ მონაწილეობას. ბევრი კომპანია გავაშავეთ გასულ წლებში ისეთი, ვინც მოსახლეობა და ჩვენც ფეხებზე დაგვიკიდეს. დაიბარეთ ეს კომპანია და თუ ორი კვირის განმავლობაში ვვერ დასრულებს სამუშაოს, გააგდეთ და გააშავეთ ისე, რომ საქართველოში ვერც ერთ ტენდერში ვერ მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა კალაძემ.