პანკისის სათემო ორგანიზაცია ახმეტის საკრებულოს მოუწოდებს, ხეობის 15 სოფლის მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს

695

სტატიის გაგრძელება

1-ელ ივლისს, 13:00 საათზე, პანკისის სათემო ორგანიზაცია რადიო WAY-ის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. ამ თემაზე ინფორაციას რადიო WAY ავრცელებს. 

“სათემო ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, ფინანსთა სამინისტრომ, ახმეტის მუნიციპალიტეტს, „ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირებისას“ 60 ათასი ლარი დაუტოვოს პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობის პეტიციის დასაკმაყოფილებლად. პეტიციით პანკისის მოსახლეობა რაიონულ ცენტრთან და ხეობის სოფლებთან დამაკავშირებელი იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა პანკისის სათემო ორგანიზაციას წერილობით აცნობა, რომ 2020 წლის პანდემიის პოსტკრიზისული სიტუაციის ფონზე, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით, მიმდინარეობს ახმეტის ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირების პროცესი, რის გამოც ამ ეტაპზე შეუძლებელია შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება, რათა პეტიციით მოთხოვნილი საკითხი დაკმაყოფილდეს.

არადა, 2019 წლის ნოემბერში, NED-ის მხარდაჭერით, პანკისის ხეობის სოფლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მუნიციპალური ტრანსპორტის არქონა დაასახელა.

პანკისის სათემო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პასუხი გაუმართლებელია, მითუმეტეს, როცა საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებში მერს და მის გარემოცვას ათეულობით ისეთი პირი ჰყავთ გაფორმებული და ყოველთვიურად ერიცხებათ ხელფასი, რომლებიც სამსახურებშიც კი არ დადიან,”- წერია განცხადებაში.

ამასთან, პანკისის ხეობაში წლების განმავლობაში ფუნქციონირებს 2 ჰესი (ხადორის ჰიდროელექტროსადგური 2004 წლიდან და ხადორის 2 ჰესი 2012 წლიდან). ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ხშირად მიუთითებენ, რომ ჰესების მშენებლობის შედეგად ადგილობრივ ბიუჯეტებში დიდი რაოდენობით გადასახადები შედის, რომ ჰესების მფლობელი კომპანიები სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენენ და მოსახლეობას პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარებიან. ხეობაში ორი ჰესის ფუნქციონირების მიუხედავად, რამაც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, ხელისუფლებამ 60 ათასი ლარი ვერ გამონახა 15 სოფლის მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, 2 მიკროავტობუსი რომ შეეძინა.

პანკისის სათემო ორგანიზაცია მოუწოდებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, 1-ელ ივლისს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე მიიღონ ყველა ზომა იმისათვის, რომ პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ასევე, პანკისის სათემო ორგანიზაცია მოუწოდებს „ქართული ოცნებიდან“ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარ დეპუტატს გელა სამხარაულს, რომელიც ფაქტობრივად მართავს თვითმმართველობას და რომლის დეიდაშვილიც არის ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი, ყურადღება მიაქციოს მოსახლეობის პეტიციას და უშუამდგომლოს მთავრობასთან პრობლემური საკითხის გადასაწყვეტად.