საია დადებითად აფასებს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებას და პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

327

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დადებითად აფასებს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებას და პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია განცხადებას საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“დღეს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა ცვლილებების პროექტი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აქამდე არსებულისგან განსხვავებული წესით ჩატარდება. ახალი დებულების მიხედვით 120 დეპუტატი პროპორციულად და 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა. საია მიიჩნევს, რომ საუკეთესო გადაწვეტილება მაჟორიტარული ნაწილის სრულად გაუქმება იქნებოდა, მაგრამ, არსებული პოლიტიკური კონტექსტის, ისევე როგორც, 8 მარტის კონსენსუსის გათვალისწინებით მიესალმება  და მხარს უჭერს ცვლილებას.

ჩვენ ვაფასებთ და მაღალ შეფასებას ვაძლევთ მათ წვლილს ვინც ჩართული იყო მთელს ამ პროცესში, მოყოლებული საერთაშორისო ფასილიტატორების მიერ მოლაპარაკების ფორმატის შექმნიდან კენჭისყრამდე.

საიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კონსტიტუციური დებულებებით საერთაშორის სტანდარტისა და ზემოაღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევით ავლებს საზღვრებს მაჟორიტარულ ოლქებს შორის, პარლამენტის ეს გადაწვეტილება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ მიმავალ გზაზე.

აქვე დავძენთ, რომ ამ ცვლილების შემდეგ, საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფისთვის აუცილებელია გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა: ამომრჩევლის ნების კონტროლის აკრძალვის ეფექტური მექანიზმების შემოღება; სამართლიანი გენდერული კვოტები და პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე დაკომპლექტებული პროფესიული საარჩევნო ადმინისტრაცია,”- ნათქვამია განცხადებაში.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. 

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ბარიერი იქნება 1%-იანი.

აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიპლომატების შუამავლობით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 8 მარტს მიაღწიეს.