დავით ნარმანია: ჩვენ ვმუშაობთ რეალურ საქმეებზე და არ ვხდებით “ნაციონალური მოძრაობის” შოუს მონაწილეები

570

ჩვენ ვმუშაობთ რეალურ საქმეებზე და არ ვხდებით “ნაციონალური მოძრაობის” შოუს მონაწილეები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე თბილისის მერიის მაღალჩინოსნების გამოუცხადებლობის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საკითხები, რომელზეც ფრაქციის წევრები აპელირებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. თბილისის მერის განცხადებით, მერიაში არც სახელფასო ციფრი გაზრდილა და არც დასაქმებულთა რაოდენობა.

კითხვაზე, დაირღვა თუ არა რეგლამენტი, რასთან დაკავშირებითაც “ნაციონალური მოძრაობა” სამართლებრივ დავას აპირებს, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, ყველა კითხვას სამართლებრივი პასუხი გაეცეს. “გამომდინარე იქიდან, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სიცრუის ტირაჟირებას ეწევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გამოვცხადებულიყავით თბილისის საკრებულოში, რათა ხელი არ შეგვეწყო წინასწარ დადგმული სცენარისთვის, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. ჩვენ ვმუშაობთ რეალურ საქმეებზე და არ ვხდებით “ნაციონალური მოძრაობის“ შოუს მონაწილეები. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ახალი ხალხი არ აგვიყვანია, საკანონმდებლო მოთხოვნიდან გამომდინარე. დაახლოებით 600 ადამიანი, რომელიც იყო შტატში, გახდა შტატგარეშე მოსამსახურე. არც სახელფასო ციფრი გაზრდილა და არც დასაქმებულთა რაოდენობა. ასე რომ, რატომ უნდა მიგვეღო ამ შოუში მონაწილეობა, ჩემთვის გაუგებარია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომაზე თბილისის მერიის მაღალჩინოსნები მიიწვია. თუმცა, მიწვევის მიუხედავად, აღნიშნულ სხდომაზე არც თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და არც მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული არ მისულა.
ფრაქციის წევრებს თბილისის მერიის მაღალჩინოსნებთან შეკითხვები ჰქონდათ 28 ივლისის განკარგულებით, მერიაში 610 ადამიანის დასაქმების შესახებ, ასევე 1-ელი ივლისიდან რატომ არ გამოცხადდა მერიაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი. ფრაქციაში აცხადებენ, რომ საკრებულოში მერიის მაღალჩინოსნების გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი