პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს მოძრაობა კვირის ბოლოს აღდგება

551

მიმდინარე კვირის ბოლოს პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო შტაბში გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

დედაქალაქის მერმა, აღნიშნულ შეხვედრაზე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

დავით ნარმანიას განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოები გეგმა-გრაფიკით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი უკვე დასრულებულია.

პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო შტაბში, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები განიხილა. ”მიმდინარე კვირის ბოლოს მარჯვენა მხარეს სრულდება სამუშაოები. მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად მოწესრიგებულია, იგება გზის ქვედა ფენა და მომდევნო კვირის დასაწყისიდან უკვე გადავდივართ მარცხენა მხარეს, სადაც მოწესრიგდება გზის საფარი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, პარალელურად მოეწყობა ტროტუარები. ბოლო შემაჯამებელი იქნება ის, რომ მთლიანად დაიგება ზედა ფენა, როდესაც მორჩება მიმდინარე სამუშაოები. მოეწყობა ტროტუარები, გამწვანების სამსახურს დაევალა, რომ დამატებით მოემზადოს საშემოდგომო სეზონისთვის. გაკეთდება ძალიან ლამაზი თარგი, განთავსდება სკამები, რათა მოქალაქეებმა შეძლონ დასვენება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და 10 სექტემბერს დასრულდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი