პრივატიზაციის ნაწილში, პროექტი „100 ქონება ბიზნესისთვის“, მუშაობს და იქ მუდმივად არის 100 ქონება; დღეისათვის 309 მილიონის ქონებაა გატანილი აუქციონზე, აქ არანაირი ბიუროკრატია არ არის, ელექტრონული აუქციონია, საიტზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს, მიიღოს მონაწილეობა აუქციონში, გააკეთოს ბიჯი და შეიძინოს ეს ქონება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ამ მექანიზმით უკვე გაყიდულია 75 ქონება რომლის საწყისი ღირებულება იყო 46 მილიონი ლარი და აუქციონის შედეგად საბოლოო ღირებულება იყო 60 725 000 ლარი.
„ეს არის ფაქტები და კონკრეტული რიცხვები, რომლებიც შეგიძლიათ, ამოიღოთ. რაც შეეხება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ნაწილს, ანტიკრიზისული პროგრამების შედეგად ეს პროგრამა ძალიან გამსხვილდა და დღეის მდგომარეობით, მისი ბიუჯეტია დაახლოებით 400 მილიონი ლარი, აქ შედის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, იპოთეკური სესხების დახმარების მექანიზმი, უზრუნველყოფის გარანტიების ნაწილი, მცირე გრანტები, რომელთა მოცულობა 30 ათას ლარამდე გავზარდეთ, ეს ყველაფერი საბოლოო დადგენილება მივიღეთ და დღეიდან ეს ყველაფერი სრულად მუშაობს“, – აღნიშნა პრემიერმა.