სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან უკვე 1 973 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 555 225 ლარი შეადგინა

757

ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დღეის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 1 973 აბონენტი.

ბენეფიციართა დანაზოგმა 555 225 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.