ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

500

ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში და ცოტნე დადიანის N34-ში დაზიანებულ სპორტულ მოედნებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოეწყო ახალი ხელოვნური მწვანე საფარი, თანამედროვე ტიპის მავთულბადეები და რეაბილიტირდა ფეხბურთის კარები. თითოეული მოედნის ფართობი 630 კვ.მ-ია.

განახლებული მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ნაძალადევის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე, ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დავასრულეთ. კიდევ ორ მისამართზე გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასეთი ტიპის პროექტები მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მინი სტადიონების რეკონსტრუქციას“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

სამღერეთის ქუჩა N5-ში და ცოტნე დადიანის N34-ში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 82 000 ლარი დახარჯა.