გახარია: ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართელომ მსოფლიოში შეინარჩუნა მე-5 ადგილი, მოქალაქეების ჩართულობა 25 ქულით გაუმჯობესდა

443

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით 2019 წლის მონაცემებში ჩვენ მსოფლიოში შევინარჩუნეთ მაღალი, მე-5 პოზიცია და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ჩვენ გაუმჯობესება გვაქვს, როგორც ბიუჯეტის ზედამხედველობის ნაწილში, ასევე მოსახლეობის ჩართულობის კუთხით.

“რა თქმა უნდა, აქტიურად ვმონაწილეობთ და გავაგრძელებთ მონაწილეობას ღია მმართველობის პარტნიორობაში, OGP-ში. 2019 წლის “ღია ბიუჯეტის ინდექსში” საქართველომ შეინარჩუნა მე-5 ადგილი. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ასევე, მოქალაქეების ჩართულობის კუთხის თვალსაზრისით შედეგი 25 ქულით გავიუმჯობესეთ და დღეს გვაქვს 28 ქულა,”- ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ცნობისთვის, საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის – 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის კვლავ მე-5 ადგილს იკავებს. საქართველოს ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და მექსიკა უსწრებენ.