ზაფხულსა და შემოდგომაზე ჯამში 70 კმ საერთაშორისო მაგისტრალი გაიხსნება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„2019 წელს რეკორდული, 804 კმ. გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება მიმდინარეობდა ერთდროულად. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს 140 კმ საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა, საიდანაც 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება ჯამში 70 კმ საერთაშორისო მაგისტრალი და ესენია: ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლი, ხაშურის შემოვლითი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის, ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი. გზის ეს მონაკვეთები ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში გაიხსნება. მიმდინარეობს რიკოთის მონაკვეთზე აქტიური მუშაობა და ამას ხედავს ჩვენი მოქალაქეები ყოველ დღე“, – განაცხადა გახარიამ.