“სკვერი, რომლის მოსაწყობად 95 000 ლარზე მეტი დაიხარჯა, ამჟამად მოუწესრიგებელია”, – ამის შესახებ ინფორმაციას გორში, ნაციონალური მოძრაობის წევრი ბექა ქორჩილავა ავრცელებს.
“ასე გამოიყურება წმინდაწყლის დასახლებაში არსებული პოლონეთის მარშლის, იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი, რომლის მოსაწყობად პოლონეთის სახელმწიფომ 95 984 ლარი გამოყო. გადამხმარია ნარგავები, ბალახზე აღარაფერს ვამბობ”, – ამბობს ბექა ქორჩილავა და შესაბამის ფოტოს ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბაჩანა გვიანიშვილის თქმით, აღნიშნულ სკვერში ბალახი რამდენჯერმე გაითიბა და გამოიცვალა განათებები.
“შარშანაც შევაკეთეთ რაღაცები. ძალიან ხშირად აზიანებენ, წელსაც ვნახავთ რა არის საჭირო. 3-ჯერ გაითიბა ამ სეზონზე, ნათურებიც რამდენჯერმე აღდგა. არ არის სარწყავი სისტემა მაგ ადგილას და მანქანებით გვიწევს წყლის მიტანა. როგორც ვახერხებთ, ვცდილობთ არ დაგვრჩეს არცერთი სკვერი, მაგრამ ყველგან ყოველთვის საკმარისი არაა. ზოგჯერ ხდება მაინც, რომ ხმება ნარგავები. გათიბვით კიდევ მოუწევს ამ თვის ბოლოს”, – თქვა ბაჩანა გვიანიშვილმა.
აღნიშნული სკვერი წმინდა წყლის დასახლებაში 2018 წლის აპრილში პოლონეთის ელჩმა საქართველოში, გორის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. სამუშაოები პოლონეთის მხარემ დააფინანსა.