პრემიერმინისტრის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენას “ნაციონალური მოძრაობა” დაესწრება. როგორც პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაინტერესდება, რა არის სამოქმედო გეგმა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია.
“გახარიასთან ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს იმიტომ, რომ ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია. უამრავი ადამიანი მოგვმართავს, რომელმაც ვერ მიიღო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ძალიან მწირი დახმარება. როდესაც ამდენი ადამიანი დახმარების გარეშე რჩება და სტატისტიკას აქვეყნებენ, რომ უამრავ ადამიანს დაეხმარნენ, საინტერესოა, სად მიდის ეს თანხები. ჩვენ დღემდე ვერ გავიგეთ, რა არის სამოქმედო გეგმა ქვეყნის გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, რა პროგნოზი არსებობს ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებით. ასევე, შეკითხვები გვაქვს საბანკო ვალდებულებებთან, სესხებთან და სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს,” – განაცხადა სამადაშვილმა.