ჩვენი ოპონენტების მიერ დასმულ კითხვებს, ვფიქრობ, ბატონმა მერმა კვალიფიციური და კანონიერი პასუხი გასცა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ განუცხადა.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მოთხოვნის შესაბამისად, დღეს საკრებულოში მერიის მაღალი თანამდებობის პირები არ გამოცხადდნენ.
გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ამ პერიოდში, როდესაც თბილისიდან მოსახლეობის ნახევარზე მეტი გასულია, მერია არაერთ პროექტს ახორციელებს.
როგორც ალიბეგაშვილმა აღნიშნა, მერიის ყველა სამსახური დატვირთულ გრაფიკში მუშაობს, რის გამოც, საკრებულოში, ფრაქციის შეხვედრაზე მერიის მაღალჩინოსნებმა მისვლა ვერ შეძლეს.
“ჩვენი ოპონენტების მიერ დასმულ კითხვებს, ვფიქრობ, ბატონმა მერმა კვალიფიციური და კანონიერი პასუხი გასცა. საერთოდ, ბატონი დავითი წელიწადში რამდენჯერმე მოდის საკრებულოში, როგორც მას ევალება, თუმცა იმაზე მეტჯერაც, ვიდრე მას კანონი ავალდებულებს და ყველა ლეგიტიმურ კითხვას ლეგიტიმურ პასუხს სცემს. ამაზე უკან არ იხევს. გარდა ამისა, მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს პერიოდი ქალაქში ყველაზე აქტიურია, პროექტების განხორციელების დროა. თუნდაც ერთ მაგალითს დავასახელებ – პეკინის ქუჩა, მერიის ყველა სამსახური დატვირთულ გრაფიკში მუშაობს. აქედან გამომდინარე, ვერ მოხერხდა ეს შეხვედრა”, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების კითხვებზე იქნება მსჯელობა, რომელიც უკავშირდება თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი