ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე თბილისის მერიის წარმომადგენლები არ მივიდნენ

525

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე თბილისის მერიის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს საკრებულოში თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ჰყავდათ დაბარებული.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განუცხადა, მათ მერიის მაღალი თანამდებობის პირებთან შეკითხვები ჰქონდათ 28 ივლისის განკარგულებით მერიაში 610 ადამიანის დასაქმების შესახებ, ასევე 1-ლი ივლისიდან რატომ არ გამოცხადდა მერიაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი.

მარიკა დათუკიშვილის თქმით, მერიის სტრუქტურებში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვეს გამგეობებიდან და მერიიდანაც, თუმცა მათ ნაწილობრივ ინფორმაცია რამდენიმე გამგეობამ მიაწოდა.

“28 ივლისის განკარგულებით, მერიამ 610 ადამიანი დაასაქმა. ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ნარმანიას დისტანციური განცხადება, რომ მათ არანაირი კანონი არ დაურღვევიათ. ჭეშმარიტების დასადგენად მოვიწვიეთ მერის მოადგილე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელთაც ვალდებულება აქვთ როგორც ორგანული კანონის, ასევე საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, მოსულიყვნენ ფრაქციის სხდომაზე და პასუხი გაეცათ დასმულ შეკითხვებზე. მათ თავი აარიდეს აქ მოსვლას. როდესაც იმალები, ეს ნიშნავს, რომ არ გაქვს პასუხი შეკითხვებზე, არ ხარ მართალი და საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი გაქვს”, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

მისივე თქმით, საკრებულოში გამოუცხადებლობის გამო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” აპირებს სასამართლოს მიმართოს.

წყარო: ინტერპრესნიუსი