გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტირება მიმდინარეობს

501

გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტირება მიმდინარეობს. საპროექტო ტერიტორია დაახლოებით, 36 726 კვ.მ ფართობს მოიცავს, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მიმზიდველი რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება. ასევე, პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პარკში განთავსდება მცირე ზომის მედიათეკაც, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„როგორც მოსახლეობას დავპირდით, მუნიციპალიტეტის მერიამ გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციოდ განვითარების პროექტირება დაიწყო, რომლის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. დედაქალაქში ახალი რეკრეაციული სივრცეების განვითარებასა და პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის საბჭოს დახმარებით, სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა დაფუძნდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან. სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში, გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტირება მიმდინარეობს.

საპროექტო ტერიტორია დაახლოებით, 36 726 კვ.მ ფართობს მოიცავს, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მიმზიდველი რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება. ასევე, პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პარკში განთავსდება მცირე ზომის მედიათეკაც.

პროექტის თანახმად, პარკის დიდი ნაწილი შემოისაზღვრება მწვანე ცოცხალი ღობით, დაირგვება ხე-მცენარეები და დაიგება ბალახის საფარი. მოეწყობა ორი შესასვლელი, საჩრდილობლები, საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, ველო და საფეხმავლო ბილიკები. ასევე, განთავსდება სკამები და ურნები. ტბაზე გაივლის საინტერესო დიზაინის პირსი, საიდანაც შესაძლებელი იქნება, ფრინველებსა და გარემოზე დაკვირვება“, – განაცხადა კალაძემ.