იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეს ერთი კვირის განმავლობაში 595 ადამიანი სტუმრობდა.
როგორც ზვიად შალამბერიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იმერეთში ვიზიტორების რაოდენობა იმატებს.
„ორშაბათიდან დღემდე 595 ადამიანი მივიღეთ სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეში, რა თქმა უნდა, ეს ციფრი იმ ფონზე, როდესაც თითოეული ლოკაცია დაახლოებით 1 500-დან 2 000-მდე ადამიანს მასპინძლობდა შარშან ამ დროს, მცირეა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტორების რაოდენობა იმატებს. გუშინდელი დღის მონაცემებით იყო 100-130 სტუმარი. დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენ ვემზადებით სხვა მიმართულებებითაც, ბევრი საინტერესო ადგილები გვაქვს, რომელსაც ასევე სტუმრობენ ტურისტები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ახალი ლოკაცია, ვანის მუზეუმი, რომელსაც უკვე ორი კვირის ვადაში გავხსნით და იქნება ძალიან საინტერესო“, – განაცხადა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, სასტუმროების ძირითადმა ნაწილმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.
„ყველა სასტუმრო მას შემდეგ იხსნება, რაც გაივლის შემოწმებას და მიიღებს ფუნქციონირების ნებართვას, ასევეა რესტორნების შემთხვევაშიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველა რესტორანი, კაფე და სხვადასხვა ლოკაცია იმერეთში გახსნილია.
სასტუმროებს და რესტორნებს თავისი მარკეტინგული ხედვა აქვთ და ფასთა პოლიტიკას თვითონ განსაზღვრავენ, შესაბამისად, ზოგიერთი აკლებს ფასებს, რათა მეტი სტუმარი მიიზიდოს. რაც შეეხება ისეთ ლოკაციებს, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია, ჯერჯერობით ჩვენ ფასდაკლება არ გვაქვს, იგივე ფასებია, რომელიც აქამდეც მისაღები იყო ჩემი აზრით, ქართველი ტურისტებისთვის, მაგრამ თუ ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.