თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაციის მიზნით, ცესკო-ს ამ დროისთვის 10-მა პარტიამ მიმართა

926

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაციის მიზნით, ცესკო-ს ამ დროისთვის 10-მა პარტიამ მიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციაში უკვე რეგისტრირებულია სამი პოლიტიკური გაერთიანება – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ (თავმჯდომარე პაატა დავითაია), „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა) და „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ (თავმჯდომარე შოთა მალაშხია).

რეგისტრაციაზე უარი ცესკო-მ ორ პოლიტიკურ გაერთიანებას უთხრა – „საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტიას“ და „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიას“. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, უარის მიზეზი დოკუმენტაციის არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენა გახდა.

რაც შეეხება რეგისტრაციაში მყოფ პარტიებს, დოკუმენტაცია ცესკო-ში წარადგინეს „ხალხის პარტიამ“ (თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე), მამულიშვილთა ორდენმა „სამშობლომ“ (თავმჯდომარე გრიგოლ სოხაძე), ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ (თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე), „ახალმა მემარჯვენეებმა“ (თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე) და „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიამ“ (თავმჯდომარე ჯონდო ჯავახიშვილი).

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი