ნაძალადევის რაიონში კორპუსების სახურავების რეაბილიტაციაზე 239 000 ლარი დაიხარჯა

933

ნაძალადევის რაიონში, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, საცხოვრებელი შენობის სახურავის რეაბილიტაცია 16 მისამართზე განხორციელდა, რისთვისაც ნაძალადევის გამგეობამ 239 000 ლარი დახარჯა.

თბილისის მერიის ცნობით, ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის Xბ კვ. N4 კორპუსში განხორციელდა, სადაც 1 020 კვ.მ ფართობზე დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა, ასევე, 200 გრძივი მეტრი ახალი წყალსაწრეტი მილები მოეწყო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 36 622 ლარი გამოყო. დასრულებულ პროექტთან დაკავშირებით კორპუსის რამდენიმე მცხოვრებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად შეხვდა.

„რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. აღნიშნულ მისამართზე დავასრულეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც 45 ოჯახი ცხოვრობს. სახურავის რეაბილიტაციასთან ერთად, კორპუსის მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურაც მოვაწესრიგეთ. შესრულებული სამუშაოებით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ცნობისთვის, პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.