თბილისის მერის თქმით, გლდანში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

345

კახა კალაძემ თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. დედაქალაქის მერის თქმით, გლდანში, ვეკუასა და ხიზანშივილის ქუჩების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურის ძირითადი სამუშაოები დასრულდა.

„თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად პროექტი არის დასრულებული. ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობის სამუშაოები, სრულდება ველობილიკების მოწყობა, ასევე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სამუშაოები, რომლებიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. ბოლოს უკვე მოხდება დახაზვითი სამუშაოები. იქნება შესაბამისი საავტობუსე ზოლები. მთლიანად შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურა და განსხვავებულად იმოძრავებენ ავტობუსები. თუმცა საგზაო ნაწილში მოასფალტება ორივე ქუჩაზეა დასრულებული. ეს სამუშაოები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობდი, პარალელურად გაგრძელდება და 10 დღის განმავლობაში მთლიანად იქნება დასრულდული“, – განაცხადა მერმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყო.