კალაძე: ვარკეთილის ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით

567

წინა სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიამ მზაობა გამოთქვა, რომ ვარკეთილში დამწვარი ბაზრობის ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც საუბარი იქნება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მერიაც. კალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.

“2 დღის წინ სამგორის რაიონში შერეული ბაზრობის ნაწილი დაიწვა. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის – ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. დაიწვა ტანსაცმელი, სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების გმირული მუშაობის შედეგად ხანძრის ლიკვიდაცია შევძელით. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მეხანძრე-მაშველს თავგანწირული შრომისთვის მადლობა გადავუხადო. ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე, ჩემი მოადგილე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე. ჩვენ გამოვუთქვით თანადგომა დაზარალებულ ადამიანებს. სადაზღვევო კომპანია, სადაც ამ ადამიანებს დაზღვეული ჰქონდათ ქონება, გამოხატავს მზაობას, აუნაზღაუროს დანაკარგები ყველა დაზარალებულს. მიმდინარეობს მოკვლევა, ყველაფრის დაზუსტება და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს ყველაფერს, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. დაზარალებულების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება, მერიაც მზად არის ჩაერთოს ამ განხილვებში და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს ამ ადამიანებს. ამ საკითხზე საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 15 ივნისის საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხური დაიწვა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ბაზრობის მთლიანი სივრცე 9,399 კვადრატული მეტრია და ის სრულად შპს “ვარკეთილი-96”-ს ეკუთვნის, რომელიც სავაჭრო ფართებს მოვაჭრეებზე აქირავებს. “ვარკეთილის ბაზრობა” სადაზღვევო კომპანია “ირაოშია” დაზღვეული.