სამშენებლო ღობეზე წარწერა თბილისის მერიამ “იერსახის დამახინჯებად” მიიჩნია და აქტივისტები დააჯარიმა

708

მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები პეკინის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოების გამო საგანგებოდ აღმართულ დროებით ღობეზე წარწერის გაკეთების გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ on.ge წერს. 

“გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს” — ამ წარწერებს აკეთებდნენ აქტივისტები, როცა მათთან პოლიციელები მივიდნენ. ტერიტორიაზე პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული, ისინი ინტერესდებოდნენ, რას აკეთებდნენ აქტივისტები.

პოლიციელმა ადგილზე მყოფ ხუთამდე ადამიანს უთხრა, რომ წარწერის გაკეთება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

“თვითნებურად შესრულებული ნებისმიერი სახის წარწერის, ნახატის… შენობა-ნაგებობებზე, ღობეებზე, ვიტრინებზე თვითნებურად შესრულება, მოქალაქეთა სავალ ბილიკზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, გზის სავალ ნაწილზე, არის სამართალდარღვევა”, — თქვა პოლიციელმა, რომელმაც აქტივისტებს თავი ლაშა სალუქვაძედ წარუდგინა.

თბილისის მერიის წარმომადგენლები სწორედ პატრულმა გამოიძახა. მუნიციპალურმა ინსპექციამ დროებით კონსტრუქციაზე წარწერის გაკეთება ქალაქის იერსახის დამახინჯებად ჩათვალა, მაშინ, როცა იგივე ღობეზე სხვადასხვა სახის წარწერა და სარეკლამო განცხადებებია განთავსებული.

აქტივისტები ითხოვდნენ განმარტებას, არის თუ არა ღობე დროებითი, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა მათ მხოლოდ ის უთხრეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააჯარიმეს. ეს მუხლი გულისხმობს: “თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა” და ითვალიწინებს 200-ლარიან ჯარიმას.

“სირცხვილიამ” წარწერები თბილისის სხვადასხვა ქუჩაში გააკეთა. როგორც მოძრაობაში On.ge-ს უთხრეს, ჯამში ღამის განმავლობაში აქტივისტები 1800 ლარით დააჯარიმეს, ამათგან, ოთხი ადამიანი 200 ლარით, ორი კი ჯამში — 1000-ით. ათასი ლარით დაჯარიმებულ ადამიანებს მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა უთხრა, რომ წარწერა კულტურული მემკვიდრებობის დაცვის ზონაში გააკეთეს და ჯარიმის ოდენობა ამის მიხედვით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ეს სტენსილი პანორამა თბილისის მიმდებარედ იყო, თუმცა ამ შემთხვევაშიც დროებით ღობეზე გაკეთდა.

რამდენიმე დღეში ერთი წელი გავა 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლისგან, რა დროსაც შეკრებილი ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავდნენ სხვა მოქალაქეებიც, მათ შორის, ჟურნალისტები. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა