გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტმა კანონპროექტი განიხილა, რომლის თანახმად მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასაშვები ხდება.
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ შენიშვნები გამოთქვა. ნინო წილოსანის განცხადებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უნდა იყოს დასაშვები.
„მინდა ჩამოვთვალო ის პრინციპული საკითხები, რომელზეც კომიტეტს, არასამთავრობო სექტორთან ერთად, გვაქვს მომზადებული შენიშვნები. ერთი და უმთავრესი არის, რომ დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაიშვას მხოლოდ და მხოლოდ მცირე ჰიდროელექტროსადგურების, არაუმეტეს 6 მეგავატიანის მშენებლობა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მხოლოდ მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში. ასევე, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, ტურიზმის ხელშეწყობის და რეგიონის განვითარების მიზნებისთვის და ამასთანავე, დაცული ლანდაშაფტის ვიზუალური მხარის დაურღვევლად. ასევე, დაცული ტერიტორიების სისტემის კანონის პროექტიდან ამოღებულ იქნას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხი, რომელიც აისახა არაგვის და თრუსოს დაცული ლანდშაფტების კანონში. მეორე პრინციპული საკითხია, რომ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონის პროექტიდან ამოღებულ უნდა იქნას საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის თაობაზე,“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.
როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, გამოთქმული შენიშვნები პროექტში გათვალისწინებული იქნება და პარლამენტს გასწორებული ვერსია წარედგინება.
„ფაქტობრივად, ყველა ეს შენიშვნა ჩვენი მხრიდან არის გაზიარებული. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ ამ ფორმულირებებთან დაკავშირებით მაქსიმალური სიზუსტისთვის, რომ ყველასთვის გასაგები ფორმულირებები შეგვეტანა კანონპროექტში. შესაბამისად დაზუსტდა, თუ რა კონკრეტული პირობების დაცვით შეიძლება მცირე ზომის ჰიდრო ობიექტების მშენებლობა. ასევე, ჩვენი მხრიდან არის გაზიარებული ცვლილებები დაცული ტერიტორიების სისტემის კანონში,“ – განაცხადა თანდილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს 2018 წლის დეკემბერში წარედგინა. ინიცირებული ვერსიის თანახმად, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასაშვები ხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.