საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩა N1-ის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები 3 900 კვ. მ ფართობზე განხორციელდება.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დამონტაჟდება. აგრეთვე, გაკეთდება ტრენაჟორები, საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
“სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება – დაირგვება სხვადასხვა სახის ხე- მცენარეები, ჰიდროთესვის პრინციპით დაითესება ბალახი და სარწყავი სისტემა დამონტაჟდება. სამუშაოებს, რომელიც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 306 793 ლარით, კომპანია „გრინსერვის +“ ახორციელებს”, – განმარტავენ გამგეობაში.
ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია კიდევ ექვს მისამართზე მიმდინარეობს.