სიღნაღის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები აშენდება

561

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, ახალი სისტემების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, სოფლების წყლის სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის 27 მილიონი ლარია გათვალისიწინებული. უწყების ინფორმაციით, წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 13 ივლისს დასრულდება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტი სოფლების ტიბაანის, ანაგას, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბეს, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები და საქლორატორო.

მათივე ცნობით, გამარჯვებული კომპანია, რომელიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ვალდებული იქნება სამუშაოები 26 თვეში დაასრულოს. პროექტის დასრულების შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, რომლიც ათეული წლებია გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად, 24- საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.