თელავში მდებარე „ნადიკვრის“ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი ტენდერი თელავის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 315 410 ლარია. ამის შესახებ რეგინფო წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება სკვერის დაზიანებული ნაწილებისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, აღდგენა-გამწვანება და ახალი ფანჩატურების დამატება.
„პროექტით გათვალისწინებულია არსებული სივრცეების მაქსიმალური გამოყენება, რათა შეიქმნას საინტერესო, მშვიდი სარეკრეაციო სივრცე, რაც ხელს შეუწყობს არსებული ადგილის განვითარება-გამოცოცხლებას აქტიური დასვენების ადგილის შექმნას, როგორც ტურისტებისთვის ისე იქ მცხოვრებთათვის“, – ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
წარდგენილი პროექტის მიხედვით, ჩასატარებელ სამუშაოებს შორისაა ამფითეატრის რეაბილიტაცია, 5 ხის ფანჩატურის დადგმა, ბავშვთა გასართობი ზონის მოწყობა და არსებული ხიდის მოპირკეთება.
სატენდერო წინადადებების მიღება 25 ივნისს დასრულდება. თელავის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს.
ნადიკვრის პარკს რეაბილიტაცია 2012 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩაუტარდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 5 424 352 ლარი იყო. დღეს პარკში დაზიანებულია ამფითეატრის სკამები და ბავშვთა გასართობი სივრცე, ჩამტვრეულია გადასახედების საფარი და მინის მოაჯირები.