პირი, რომელიც დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში პირბადეს არ გამოიყენებს, დაჯარიმდება

1640

წინა სტატია

დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღიდან, 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილება იურიდიულად უკვე მოქმედებდა, თუმცა პირბადის ტარების კონკრეტული წესები მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს. მისივე ინფორმაციით, მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი 15 ივნისს გამოქვეყნდება და შესაბამისად, მოქალაქეებს პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები ამ დღიდან დაეკისრებათ.

„არსებობს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ჩანაწერი, რომლის თანახმად თუ ფიზიკური პირი პირბადის გარეშე შევა დახურულ საჯარო სივრცეში, ან თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ტაქსით იმგზავრებს პირბადის გარეშე, გათვალისწინებულია 20 ლარის ოდენობის ჯარიმა. რაც შეეხება იურიდიულ პირებს და ინდმეწარმეებს, მათ უნდა გააკონტროლონ, რომ პირი დახურულ საჯარო სივრცეში არ შევიდეს პირბადის გარეშე. თუ ამას ვერ უზრუნველყოფენ, გათვალისწინებულია 500 ლარის ოდენობის ჯარიმა. თუმცა ამავე კანონში დავავალეთ მთავრობას, რომ დეტალურად გაწეროს პირბადის ტარების წესი. საუბარი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, შშმ პირებზე, აბიტურიენტებთან შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს – ეს ყველაფერი უნდა გაწეროს მთავრობამ. შესაბამისად, ეს კანონი იურიდიულად გამოქვეყნდა და ამოქმედდა, თუმცა მისი გამოყენება უკავშირდება ამ წესის ამოქმედებას. ეს წესი უნდა გამოქვეყნდეს ორშაბათს, რომლის საშუალებით, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია, პირბადის ტარების წესი როგორია და მხოლოდ ორშაბათიდან მოხდება ამ კანონის გამოყენებაც,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, როგორი ტიპის პირბადის გამოყენება იქნება სავალდებულო, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ დამატებით ტვირთად რაიმე განსაკუთრებული ტიპის პირბადე არ არის მოთხოვნილი.

„დამატებით ტვირთად არ არის მოთხოვნილი რაიმე განსაკუთრებული ტიპის პირბადე. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს პირბადე, რომელიც დაფარავს მის სახეს ცხვირიდან ნიკაპამდე, იმისთვის, რომ გავრცელების შეკავება მოხდეს. მთავრობის მიერ შემუშავებულ წესშიც იქნება ეს ყველაფერი გაწერილი. რა პირბადეებსაც აქამდე ატარებდნენ ჩვენი მოქალაქეები, ისეთ პირბადეებზეა საუბარი, რაიმე განსაკუთრებული ტიპის პირბადე არ არის მოთხოვნილი,“ – განმარტა მან.

მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სანქციები 15 ივნისიდან ამოქმედდება, მოქალაქეებმა დარჩენილი ორი დღის განმავლობაშიც უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები და პირბადე ატარონ.

„უნდა აღინიშნოს, რომ პირბადის ტარება ახლაც რეკომენდირებულია და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა ჩვენს მოქალაქეს ამას მოუწოდებს. საგანგაშო მდგომარეობაა, რომ 10 ინფიცირებული ადამიანის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება. ამიტომ მოდუნების უფლება არ გვაქვს. აუცილებელი ხომ არ არის, ყველაფერს სანქციით დავუპირისპირდეთ, არა?! ჩვენ ძალიან დიდი რისკის წინაშე ვდგავართ. შეიძლეა მოხდეს მეორე ეპიდაფეთქება, რამაც შესაძლოა ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიგვიყვანოს,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 500 ლარით. პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მეტროთი მგზავრობის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წესის დამრღვევი დაჯარიმდება 20 ლარით.