ბათუმში განახლდა ავტომობილების პარკირების წესების კონტროლი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეჩერებული იყო. მონიტორინგს ქალაქში ამ კუთხით ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს. ამის შესახებ ბათუმელები წერს.
ინსპექციაში ბათუმელებს უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ინსპექცია ძირთადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგითაა დაკავებული და პარკირების წესები ორშაბათიდან, 15 ივნისიდან, სრულად გაკონტროლდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1253 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბათუმის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი პარკირების ორგანიზების წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას – 200 ლარის ოდენობით.
პარკირების ორგანიზებას ახორციელებს ბათუმის მერია. თუ რას გულისხმობს პარკირების ორგანიზება იხილეთ ამ ბმულზე.
პარკირების გადასახადი ბათუმში:
1 დღე – 10 ლარი;
7 დღე – 20 ლარი;
30 დღე – 30 ლარი;
182 დღე – 45 ლარი;
365 დღე – 60 ლარი.