გახარია: 15 ივნისიდან ვხსნით შიდა ტურიზმს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მართებს უკიდურესი სიფრთხილე

550

15 ივნისიდან ჩვენ ვხსნით შიდა ტურიზმს. ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც აძლევს ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით მოგზაურობისა და დასვენების შესაძლებლობას. ასევე ტურისტულ სექტორს აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად აღდგეს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როგორი იქნება მათი მიდგომა ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ბიზნეს ოპერატორს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მართებს უკიდურესი სიფრთხილე. დღეს ევროკავშირშიც არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან, ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით მიდგომა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ველოდებით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ იმ ორმხრივი შეთანხმებებისა და მწვანე ზონების თაობაზე შეთანხმების ამოქმედების ეტაპობრიობას, რომელზეც აქტიურად მუშაობს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ჯანდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.