70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 1 ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით და მათი პენსია 250 ლარს მიაღწევს, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები პენსიონერები კი კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა შევეხო 2020 წლის ანტიკრიზისულ ბიუჯეტს, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ, ყველა ეკონომიკურმა უწყებამ სისტემურად იმუშავეს. ეს არის მართლაც სერიოზული ნაშრომი, რომელშიც გადაზღვეულია როგორც ქვეყანაში შესაძლო ინფიცირების მეორე ტალღა, ასევე ყველა ის სოციალური რისკი, რომელიც წლის ბოლომდე შეიძლება, შეგვხვდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ბიუჯეტის პარამეტრებით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც წლის დასაწყისიდან გამოცხადებული გვქონდა.
რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრი აბსოლუტურად სხვა იყო. ამ შენარჩუნებული მექანიზმებით, 70 წელს ზემოთ ჩვენს პენსიონერებს, 1-ელი ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით და მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი.
გარდა ამისა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ დაზღვევის ის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულებად ჩვენს პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა დაკავშირებული იქნება როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს ზევით პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ დაფიქსირებულია ქვედა ჩამკეტები, ნებისმიერი ეკონომიკრი ზრდის ან ინფლაციის პირობებშიც, თითოეული ჩვენი 70 წლამდე პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს ყოველწლიურად, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარს. ეს არის ის მუნიმუმი, რომელიც ქვეყანას შეუძლია პენსიონერებს შესთავაზოს. გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და ყველამ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა“,-განაცხადა გახარიამ.