თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, არ ელოდება, რომ პროკურატურა ვარკეთილის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებსმ რადგან “ინციდენტიც არ ყოფილა”.
“პირიქით, კონკრეტულმა ადამიანმა ვისზეც თქვენ საუბრობთ, მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ გადავარჩინეთ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომ ისინი ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და არ ეცემათ. სხვათა შორის, ჩემთანაც იყო მერიაში მოსული და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, ავტოგრაფიანი მაისური მიიღო,” — განაცხადა კალაძემ.
ვარკეთილში 5 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამო აქტივისტებმა თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. აქტივისტი კახაბერ კვეკვესკირი კალაძეს მაისურის შემოხევასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მერმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
ინციდენტში მონაწილე აქტივისტებმა თავდაპირველად, ინციდენტის დღესვე კალაძის წინააღმდეგ განცხადებით პოლიციას მიმართეს, თუმცა, როგორც მოძრაობა “შეცვალეს” წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა აღნიშნა, მათ განცხადებას სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან „კალაძის დაბარებას არ აპირებენ გამოკითხვაზე“.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება 5 ივნისს მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე “ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა, კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია”. დაპირისპირება მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს.
თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. დაპირისპირების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროვოკაცია სცადეს.
გარდა ამისა, კალაძემ თქვა, რომ,სავარაუდოდ, აქტივისტმა მაისური თავად შემოიხია. მერმა თქვა, რომ მას და მთავარ არხს ახალ ზედას საჩუქრად გაუგზავნიდა.