ვარკეთილში 5 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამო აქტივისტებმა თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს.
კახაბერ კვეკვესკირი კალაძეს მაისურის შემოხევასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მერმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
ასეთივე პოზიცია აქვს ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოძრაობა “შეცვალეს” წევრს დიმიტრი ბიძინაშვილს.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ კახა კალაძის მიმართ დაიწყოს გამოძიება იმ მუხლით, რა მუხლითაც მაგალითად, „ქართული ოცნების“ დეპუტატის პიჯაკის გარღვევისთვის ახალგაზრდებთან მიმართებით გამოძიება დაიწყეს და 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყავდათ დროებითი მოთავსების იზოლატორში. მათ 4 -დან 7 წლამდე ემუქრებოდათ თავისუფლების აღკვეთა. არ შეიძლება, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ ამბობდეს, რომ პიჯაკის გარღვევისთვის დამნაშავეები არიან ახალგაზრდები და მეორე მხრივ, ამბობდეს იმას, რომ კახი კაალაძემ, თუ ვინმეს მაისური ჩამოიახია, ამას არაუშავს. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ გვაქვს იმის, მოლოდინი, რომ ვინმე კახა კალაძეს დასჯის და ა.შ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე პროკურატურაში იყოს, იმისთვის, რომ როცა ეს ხელისუფლება, შეიცვლება, ახალმა ხელისუფლებამ სამართლიანად გამოიძიოს ეს საქმე“, – განაცხადა ბიძინაშვილმა.
ინციდენტში მონაწილე აქტივისტებმა თავდაპირველად, ინციდენტის დღესვე კალაძის წინააღმდეგ განცხადებით პოლიციას მიმართეს, თუმცა როგორც დიმიტრი ბიძინაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ განცხადებას სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან „კალაძის დაბარებას არ აპირებენ გამოკითხვაზე“ . მისივე განმარტებით, პოლიციამ გამოკითხვაზე თავად განცხადების შემდგენი პირი, კახა კვეკვესკირი დაიბარა.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება 5 ივნისს მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე “ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა, კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია”.
თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. დაპირისპირების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროვოკაცია სცადეს.