“150 მილიონი ლარის შემოსავალი დააკლდა თბილისის მუნიციპალიტეტს, ეს ყველაფერი აისახება იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც უნდა დაწყებულიყო”, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მერი ამბობს, დაგეგმილი ტენდერები გამოცხადდება, თუმცა ხელშეკრულების გაფორმება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
“წლის დასაწყისში ჩვენ გვქონდა დაანონსებული ბევრი პროექტის განხორციელება და წლევანდელი წელი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდიანარე, მაგრამ არსებულ ვითარებაში მოგვიწია ბევრი პროექტის შეჩერება დროებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტები, რომლებზეც ვსაუბრობდით არ განხორციელდება, უბრალოდ დროში გადაიწევს.
არცერთ პროქტზე, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავდით, არ შეგვიჩერებია ტენდერი, ვაპირებთ ყველა ტენდერის გამოცხადებას, თუმცა ხელშეკრულებას ჯერ არ გავაფორმებთ. დაველოდებით როგორ წარიმართება სიტუაცია; დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და შემოსავლების შემოდინება. დღეის მდგომარეობით, დაახოელოებით 150 მილიონი ლარის შემოსავალი დააკლდა მუნიციპალიტეტს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება იმ პროექტებზე, რომლიც განხორციელებაც უნდა დაწყებულიყო“, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.