გახარია: სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია არა მარტო გამოკვებოს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით პოტენციალი ჰქონდეს

440

სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით პოტენციალიც ჰქონდეს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრებ ფერმერ გიორგი მჭედლიძესთან სტუმრობისას განაცხადა.

გახარიას თქმით, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია მარტივი საქმე არ არის, რადგან ქვეყანაში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა, თუმცა ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

„სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით პოტენციალიც ჰქონდეს. არ არის ეს მარტივი. მიწები ძალიან დაქუცმაცებულია, ზოგან წყლის პრობლემაა, ზოგან ცოდნის პრობლემაა, ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ნელ-ნელა აქეთ უნდა წავიდეთ. სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ ვერ მოხდება ეს ერთ დღეში, მაგრამ აქ არის იმის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ქცევის ამ წარმატებულ მოდელზე დაყრდნობით ახალგაზრდებმა და ყველა ჩვენგანმა გააკეთოს ეფექტური და შედეგიანი სამუშაო. ჩვენ როდესაც გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობა ყოფილიყო მეორე დარგი, რომელსაც ჩვენ უნდა დავხმარებოდით, მარტივი ახსნა ჰქონდა ამას. გასაგებია, პირველი დარტყმა ტურიზმმა მიიღო, მეორე დარტყმა მიიღო სოფლის მეურნეობამ იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობას, რაც ჰქონდა დაგეგმილი, იყო იმ ტურიზმზეც გათვლილი, რომელიც ვერ ჩამოვიდა. შესაბამისად, ახლა ჩვენ გვესმის, რომ სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომლის დახმარებაც აუცილებელია ეკონომიკურადაც და რა თქმა უნდა, ფერმერს ახლა სჭირდება დახმარება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.